Wednesday, April 29, 2015

ადამიანი და ბუნება


  • სუფთა ჰაერი და ანკარა წყალი, მზის სხივები და ყვავილების არომატიც, მსუბუქი სიო და დილის ნამი, ფრინველთა გალობა და მობიბინე ბალახი - ეს ის ძაფებია, რომლებიც ადამიანს ბუნებასთან, გარე სამყაროსთან აკავშირებს. ყოველივე ამის გარეშე შეუძლებელია ახალი ენერგიით ავსება. სამყარო ჩვენს გარშემო საოცრად შეიცვალა; ბაღების და სკვერების ნაცვლად ყველგან ავტოსადგომებია; ბუნების წიაღიდან ადამიანი მრავალსართულიანი შენობების ტყვეობაში აღმოჩნდა; ქიმიური წარმოების ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება... ჩვენ კი რატომღაც გვიკვირს, რატომ აღარ არის ადამიანი დღეს ისეთივე ჯანმრთელი, როგორიც თუნდაც გასულ საუკუნეში იყო. კაცობრიობას დედამიწაზე ბუნებისა და მისი კომპონენტებისგან იზოლირებული არსებობა არ შეუძლია. ადამიანზე ბუნება მუდმივად მოქმედებს 5 ძირითადი ფაქტორით. ესენია: 
  • კლიმატური;
  • მინერალური;
  • წყლის;
  • მიწის;
  • ბიოლოგიური; 
ადამიანის საარსებო გარემო არაცოცხალი და ცოცხალი ბუნების, მცენარეებისა და ცხოველებისგან შედგება. თითოეული მათგანი თავისებურ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებასა და არსებობაზე, ჯანმრთელობისთვის ზოგს სიკეთე, ზოგს კი ზიანი მოაქვს. ეკოსისტემის შემადგენელ კომპონენტებს ეკოლოგიური ფაქტორები ეწოდება. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ აბიოტურ, ბიოტურ და ანთროპოგენურ ეკოლოგიურ ფაქტორებს. აბიოტურია არაცოცხალი ბუნების ის ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ესენია: ჰაერი, წყალი, ნიადაგი. ბიოტურია სიცოცხლის ყველა ფორმა, რომლებიც მოქმედებენ ერთმანეთზე: მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები. ანთროპოგენურია ადამიანის საქმიანობის ყოველგვარი შედეგი, რომელიც ცვლის ბუნებას როგორც საარსებო გარემოს და ამასთან უშუალო გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.

No comments:

Post a Comment