Sunday, May 3, 2015

გარემოს დაბინძურების შედეგები


  • გარემოს დეგრადაცია შეიძლება განვმარტოთ, როგორც ადამიანის საქმიანობის შედეგად ბიოსფეროსთვის მიყენებული ზარალი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი უფრო სწრაფად ითვისებს ბუნებრივ რესურსებს, ვიდრე ბუნებას შეუძლია მათი შევსება-განახლება; როცა დაბინძურება შეუქცევად, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს; ან როცა ადამიანები ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივ ეკოსისტემებს აზიანებენ და ანადგურებენ. გარემოს დეგრადაცია შესაძლებელია მრავალი ფორმით იყოს გამოხატული, მათ შორისაა გაუდაბნოება, ტყეების განადგურება, სახეობათა გადაშენება, დაბინძურება. გარემოს დეგრადაციის მთავარი გამომწვევი მიზეზებია: არასწორი ურბანული დაგეგმარება, სამრეწველო დაბინძურება, ნარჩენების დაგროვება, ჭარბი თევზჭერა-ნადირობა, ინდუსტრიალიზაცია, უცხო სახეობების გავრცელება და გარემოსდაცვითი რეგულაციების სისუსტე.    ტყეების განადგურება გარემოს დეგრადაციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მზარდი კომპონენტია. ტყიანი მასივების ადგილს იკავებენ უტყეო სივრცეები: სარწყავი მიწები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ნაკაფები, გაჩეხილი ტყეები და ნარჩენებით დაბინძურებული პონიგონები. ტყის საფარის განადგურება მრავალი სახის უარყოფით ეფექტს ახდენს გარემოზე: 
  • ტყე მონაწილეობს ნახშირბადისა და ჟანგბადის ბრუნვაში. ტყეები, უდიდესი მწვანე მასის გამო, ატმოსფეროში აირების შემადგენლობას განსაზღვრავენ, ტყეების შემცირება კი ატმოსფეროს დაბინძურებას იწვევს.
  • ტყეები ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, ისინი წარმოადგენენ ჰაბიტატს (საბინადრო გარემოს) გარეული ცხოველების მრავალი პოპულაციისთვის. ტყეების განადგურების და დეგრადაციის შედეგად გადაშენების საფრთხის წინაშე დადგა ცხოველთა უამრავი პოპულაცია, არაერთი სახეობა კი მთლიანად გაქრა. 
  • ტყეები და საერთოდ, მცენარეები ჰიდროლოგიურ ციკლში, ანუ წყლის ბრუნვაში მონაწილეობენ. ხეები ნიადაგიდან იწოვენ წყალს და აორთქლებენ მას ფოთლების საშუალებით; ფესვები ამცირებენ ჩამონადენს, ახდენენ წყლის ინფილტრაციას, აორთქლების შედეგად ამცირებენ ნიადაგის ტენიანობას, აფხვიერებენ ნიადაგს და ხელს უწყობენ წყლის დაგროვებას. 

No comments:

Post a Comment