ბუნებრივი მოვლენა ზოგჯერ კატასტროფული ხასიათის პროცესად გადაიქცევა. მაგალითად, დიდი რაოდენობით ნალექმა შესაძლებელია წყალდიდობა გამოიწვიოს, უეცარმა დათბობამ ზვავების გააქტიურება, წნევის რყევამ - დამანგრეველი სიძლიერის ქარი და ა.შ. ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა და პროცესი გეოგრაფიულ სივრცეში ვითარდება. ამიტომ კატასტროფული ხასიათის ბუნებრივი მოვლენების გეოგრაფიული თავისებურების შესწავლასა და პროგნოზირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივი მოვლენებიდან და პროცესებიდან კატასტროფულია: მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, მეწყერი, ზვავი, ტაიფუნი, წყალდიდობა და სხვ. თითოეული მათგანი სხვადასხვა გეოგრაფიულ პირობებში ვითარდება და სხვადასხვაგვარი საშიშროებით ხასიათდება. მათ ერთი რამ აერთიანებს - ისინი განსაკუთრებით საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის. დედამიწაზე სტიქიურ მოვლენებს ბუნებრივი კატასტროფების სახით ადგილი აქვს როგორც ხმელეთზე, ასევე წყალქვეშ. ყველაზე დამანგრეველი სტიქიური მოვლენებია: მიწისძვრები, ვულკანიზმი, წყალდიდობა, გრიგალისებური ქარები, ციკლონური ქარიშხლები, ტაიფუნი, თოვლის ზვავები. ამგვარი ბუნებრივი მოვლენების შედეგად, მსოფლიოში 1970 - 2010 წწ. 3,3 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა (დაახლოებით 82 500 ერთ წელიწადში) აქედან უმეტესობა ღარიბი ქვეყნების ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
No comments:
Post a Comment