მჟავე წვიმები მრავალი რეგიონისათვის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს დასახელება ისეთ მოვლენებს აერთიანებს, როგორიცაა მჟავე ნისლი, მჟავე თოვლი და ა.შ. მაგრამ თითოეული მათგანი ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობას და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს. მჟავე წვიმის მოვლენა 1800 წელს ბრიტანეთში ანგუს სმიტის მიერ იქნა აღწერილი და 1950 წლამდე მივიწყებული იყო. ეს პროცესი ბუნებრივ წვიმასთან შედარებით წვიმის წყლის მჟავიანობის მომატებას გულისხმობს. მჟავე მწვიმის ორი უმთავრესი კომპონენტია გოგირდმჟავა და აზოტმჟავა. ზოგჯერ მჟავე წვიმები საკმაოდ შორს მოდის იმ ადგილებიდან, სადაც პირველადი დამაბინძურებელი ნაერთების წყაროებია. ამრიგად მჟავე წვიმების პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება რადგან ატმოსფერული დამაბინძურებლები დიდი მასშტაბით გადაადგილებას ხშირად განიცდიან. მაგალითად, მჟავე წვიმების უმეტესობა, რომელიც ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ნიდერლანდში მოდის, ევროპის სხვა ქვეყნებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება. მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ სამყაროზე. გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს. თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავე არეში რეპროდუქცია განახორციელოს. ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც შეინიშნება ტყის მასივების შემცირების ტენდენცია.
No comments:
Post a Comment